ქუთაისის ცენტრში კარავი განთავსდა, სადაც დილიდან მსურველებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ
ქუთაისის ცენტრში, მერიის შენობის წინ მდებარე პარკში კარავი დაიდგა, სადაც დილიდან მსურველებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ. როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, ყველას, ვისაც ბოლო ორ კვირაში რისკის ზონებად მიჩნეულ რეგიონებში მოგზაურობის ისტორია აქვს, შეუძლია ტესტირება ჩაიტაროს.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ველოდით შემთხვევების მატებას, რაც მოხდა კიდეც ქუთაისში. ის რაოდენობა, რაც დღეს დაფიქსირდა, უპრეცედენტოა ქუთაისისთვის, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ და მაშინვე ვიღებთ შესაბამის ზომებს. დღეს ჩატარდა რეგიონალური საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები. ერთ-ერთი, მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, ქუთაისის ცენტრში კარვის დადგმაა, სადაც ნებისმიერ მსურველს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც აქვს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია რისკის ზონებად მიჩნეულ ადგილებში, შეუძლიათ მოვიდნენ და ტესტირება ჩაიტარონ უფასოდ.
სიტუაცია საგანგაშო ნამდვილად არ არის, ჩვენ ვემზადებოდით ასეთი სცენარისთვის და შესაბამისად ვრეაგირებთ ყველა შემთხვევაზე იმის მიხედვით, რა რისკის ფაქტორს შეიცავს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.