ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსზე კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში დღეს დილით ხუთი პაციენტის ანალიზები გაგზავნეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განუცხადა.
მთავარი ექიმის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველას უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ამ დროისთვის მაღალი ტემპერატურა – 38 გრადუსი მხოლოდ ერთ პაციენტს აღენიშნება.
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებით მოთავსებული ყველა პაციენტი იტალიიდან არის ჩამოსული. სიმპტომების შესაბამისად, ისინი ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში არიან განთავსებული.