ქუთაისი თეატრალურ კვირეულს უმასპინძლებს
ქუთაისი თეატრალურ კვირეულს უმასპინძლებს

ქუთაისში თეატრალურ კვირეულში  მონაწილეობას საქართველოს წამყვანი თეატრები მიიღებენ. კვირეულს ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით „რევიზორი“ გახსნის.

კვირეულის გახსნაზე თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება მესხიშვილის თეატრის მუზეუმში დაცული  ესკიზები, სასცენო კოსტიუმები და თეატრალური აფიშები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის, ფარნა ლაპიაშვილის, დიმიტრი თაყაიშვილის და სხვა მხატვრების მიერ, სხვადასხვა დროს მესხიშვილის თეატრის სპექტაკლებისთვის შესრულებული ესკიზები.

კვირეულის ფარგლებში 18 აპრილს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოდგენს „უსახელო ვარსკვლავს“, 19 აპრილს მოძრაობის თეატრი მაყურებელს წარუდგენს „პარფიუმერს“, 21 აპრილს მაყურებელი ნახავს ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლს „მკვდარი ქალაქები“ , 23 აპრილს კი წარმოდგენილი იქნება მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი სპექტაკლით „მეფე ლირი“.

თეატრალური კვირეულის ორგანიზატორი ქალაქ ქუთაისის მერიაა.