ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, მეწყრული პროცესი შენელდა, რამაც ტექნიკას მუშაობის საშუალება მისცა.
მარგველიძის თქმით, მძიმე ტექნიკა ჩაერთვება რაჭის მხრიდანაც და სამუშაოები გზის ორივე მხრიდან უნდა აწარმოონ. გუბერნატორი ვარაუდობს, რომ გზა დღის ბოლომდე გაიხსნება.
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი 23 მარტს ჩამოწვა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიის ინფორმაციით, ხანგრძლივი, გადაუდებელი წვიმის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა დიდი მოცულობის მასა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.