ქურთისტანის რეგიონის პრემიერ-მინისტრი - საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა და მხარდაჭერა, რათა მეტი სტაბილურობა იყოს ერაყსა და მთლიანად რეგიონში
გუშინდელი მოვლენა იმის მანიშნებელია, რომ რეგიონში არასტაბილურობის კუთხით კვლავ ძალიან ბევრია სასწორზე, – ამის შესახებ ერაყის ქურთისტანის რეგიონის პრემიერ-მინისტრმა, მასრურ ბარზანიმ ქურთისტანის რეგიონში განხორციელებულ სარაკეტო დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ქურთისტანის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა და მხარდაჭერა, რათა მეტი სტაბილურობა იყოს ერაყსა და მთლიანად რეგიონში.
„აშშ ერაყში იმყოფება ერაყის მთავრობის მოწვევით და მათი მისიაა ტერორიზმთან ბრძოლა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ტერორიზმი დასრულდა… გასაკვირია, რომ ჩვენ არ ვართ ამ კონფლიქტის ნაწილი, ჩვენ არ ვიცით, რატომ ხდება ირანის მხრიდან შურისძიება ქურთისტანის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ერბილში. ჩვენ არ გვაქვს მტრობა არცერთი მეზობლის მიმართ, განსაკუთრებით, ირანის მიმართ. ჩვენ არ ვიცით, რა არის მიზეზი, მაგრამ ყველა ბრალდება, რაც მათ წამოაყენეს, უსაფუძვლოა“, – განაცხადა მასრურ ბარზანიმ.
ცნობისთვის, ერაყის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ერბილის დაბომბვასთან ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. საგარეო უწყების განცხადებითვე, თავდასხმა არის ერაყის რესპუბლიკის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის პრინციპებს, საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას.