ქურდული სამყაროს წევრობისთვის, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობისთვის ბრალდებულებს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობისთვის, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობისთვის ბრალდებულებს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.გ-მ ე.კ-სთან არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, ზ.ბ-ს და ტ.დ-ს მეშვეობით, მიმართა „კრიმინალურ ავტორიტეტს“ გ.დ-ს. გ.დ-მ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან“ ი.დ-სთან შეთანხმებით, 2018 წლის მაისის თვეში, თბილისში გამართულ „ქურდულ შეკრებაზე“ განიხილა და დავა გადაწყვიტა გ.გ-ს სასარგებლოდ. მან ე.კ-ს დააკისრა თანხის გადახდა როგორც გ.გ-ს, ასევე თავისთვის და ქურდული სამყაროს სხვა წევრებისთვის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.
გ.დ-ს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ე.კ-მ მიმართა ასევე საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ჯ.კ-ს, რათა მას თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით გავლენა მოეხდინა მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შეეცვალა იგი ე.კ-ს სასარგებლოდ. აღნიშნული დავის გადასაწყვეტად ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ჯ.კ-მ მოდავე მხარეები ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში დაიბარა“,- აღნიშნავენ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, 2018 წლის 16 ივნისს, თურქეთში შედგა ქურდული შეკრება, რომელშიც მონაწილეობდნენ ე.კ, გ.გ., გ.დ და ტ.დ, რა დროსაც „კანონიერი ქურდის“ ჯ.კ-ის მიერ დავა კვლავ გ.გ-ს სასარგებლოდ გადაწყდა, ხოლო ე.კ-ს დაეკისრა თანხის გადახდა როგორც გ.გ-სთვის, ასევე კანონიერი ქურდებისა და დავის განხილვაში მონაწილე ქურდული სამყაროს სხვა წევრებისათვის მატერიალური სარგებლის მისაღებად.
„2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გ.გ., ზ.ბ., ტ.დ., ე.კ. და გ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გ.დ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 223′-ე მუხლის პირველი ნაწილით და 223”-ე მუხლით; ზ.ბ.-ს – საქართველოს სსკ-ის 223′-ე მუხლის 1 ნაწილით; ტ.დ.-ს – საქართველოს სსკ-ის 223′-ე მუხლის 1 ნაწილით და 223”-ე მუხლით; ე.კ.-ს – საქართველოს სსკ-ის 223”-ე მუხლით და 223””-ე მუხლის 1 ნაწილით; გ.გ.-ს – საქართველოს სსკ-ის 223”-ე მუხლით და 223””-ე მუხლის 1 ნაწილით და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად რვა წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.