„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს გამორიცხავენ.
ადვოკატების თქმით, ვიდეომასალა ფაბრიკაციაა. ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მომდევნო ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავენ.
მომდევნო პროცესი 3 აგვისტოს დაინიშნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამი პირი 16 ივნისს დააკავეს.
გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.