ქურდობის ბრალდებით რვა პირი დააკავეს, მათ შორის ორი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რვა პირი დააკავეს, მათ შორის ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბის – ე.წ. პომპის მეშვეობით, თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ვაგონ-ცისტერნიდან მოპარული დაახლოებით ტონა-ნახევარი საწვავი, რომელიც მოთავსებული იყო 87 ცალ 20-ლიტრიან ბიდონში. ასევე ამოღებულია 127 ცარიელი 20-ლიტრიანი ბიდონი.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.