შსს-ს გენინსპექციამ ქურდობაში მხილებული პირის ოჯახის განცხადების შესწავლა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, ქურდობაში მხილებული პირის ოჯახის განცხადების საფუძველზე შესწავლა მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე 2002 წელს დაბადებული თ.ა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიმდინარე წლის 13 თებერვალს ამხილეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვანმა 13 თებერვალს ბოლნისში მდებარე ოქროს ნაკეთობების მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა.
სამართალდამცველებმა თ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად სრულად ამოიღეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.