ქუდი, რომელიც ნაპოლეონს ვატერლოოს ბრძოლაში ეხურა, 280 000 ევროდ გაიყიდა
ქუდი, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტეს ვატერლოოს ბრძოლაში ეხურა, აუქციონზე 280 000 ევროდ გაიყიდა.
ლიონში გამართულ De Baecque-ს აუქციონი ნაპოლეონის საბოლოო მარცხის, ვატერლოოს ბრძოლის დღიდან ზუსტად 203 წლის შემდეგ გაიმართა. ისტორიული ქუდის მფლობელი ფრანგი კოლექციონერი გახდა.
საფრანგეთის ყოფილი იმპერატორი, სხვა ყველაფერთან ერთად, მრავალფეროვანი, ყველასგან განსხვავებული ქუდებით იყო ცნობილი. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ნაპოლეონს სულ 120 ქუდი ჰქონდა.
აუქციონზე გაყიდული ქუდი ნაპოლეონის სახელგანთქმული, დღემდე შემორჩენილი 19 ქუდიდან ერთ-ერთია. ის კოლექციონერებისთვის ყველაზე საინტერესო ნადავლი იყო და ქუდის მოპოვებას წლების განმავლობაში ცდილობდნენ.
ვატერლოოს ბრძოლა, სადაც ნაპოლეონს აღნიშნული ქუდი ეხურა, 1815 წლის 18 ივნისს გაიმართა. ბელგიაში, სოფელ ვატერლოოსთან პრუსიის, ინგლისისა და ნიდერლანდების ალიანსის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა საფრანგეთის იმპერატორისთვის საბოლოო მარცხი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ნაპოლეონ ბონაპარტე წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს.