ქრთამის აღების ფაქტზე გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზვიად დ. დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ზვიად დ. თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებაში და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 1700 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.