ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან ერთ ლარად შეიძენენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ.
შესაბამისი განცხადება მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.
„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სიმბოლურ ფასად შეიძინონ გარკვეული ტიპის მედიკამენტები. პროგრამაში ძირითადად მონაწილეობენ პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები და იყო თხოვნა ჩვენი ვეტერანებისგან, რომ გამხდარიყვნენ ამ პროექტის მონაწილე. რა თქმა უნდა, ჩვენი მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ყველა ვეტერანი შეძლებს, ისარგებლოს ამ პროგრამით და სიმბოლურ ფასად მიიღოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები”, – აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.