გლდანში, ერთ-ერთ რესტორანში მონიტორინგის შედეგად შრომის ინსპექციის შესაბამისმა სამსახურმა აკრძალული სოციალური ღონისძიება გამოავლინა.
რესტორანში ქორწილს აღნიშნავდნენ, რის გამოც, იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.
შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი მაია მიქაია აცხადებს, რომ შესაბამისი დადგენილებით, აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 10 000 ლარია.
„ასევე, ობიექტზე აკრძალული საქმიანობა თუ მიმდინარეობს კრიტიკული შეუსაბამობებით, ვიყენებთ ობიექტის დალუქვის შესახებ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში, არის აკრძალული სოციალური ღონისძიება და შესაბამისად, გამოვლინდა ორგანიზატორი – იურიდიული პირი, რომელმაც ჩაატარა აღნიშნული აკრძალული საქმიანობა. მის მიმართ იქნა გამოყენებული სანქცია 10 ათასი ლარის ოდენობით. ამ ეტაპზე, ობიექტი არ დაილუქება.
შრომის ინსპექციის სამსახურმა ზედამხედველ ორგანოებთან ერთად დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო შემოწმებები. საქმიანობები, რომელიც არის ნებადართული, უნდა მიმდინარეობდეს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით, ხოლო აკრძალული საქმიანობები არ უნდა მიმდინარეობდეს. შესაბამისად, ხდება ორივე მიმართულებით შემოწმება. დარღვევების თუ აკრძალული საქმიანობის დაფიქსირების შემთხვევაში, დაწესებულია შესაბამისი სანქცია. გარდა სანქციებისა, ასევე პრევენციული ხასიათის ღონისძიებებსაც ვატარებთ, ვაწვდით დამსაქმებლებს რეკომენდაციებს, რომელთა დაცვითაც უნდა განახორციელონ სამუშაო პროცესი.
აქვე, უნდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, თავი აარიდოს აკრძალული საქმიანობების განხორციელებას, ხოლო ის საქმიანობები, რომელიც არის ნებადართული, განახორციელოს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით“, – განაცხადა მაია მიქაიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.