ქორეოგრაფ ნუკრი მაღალაშვილს ხვალ დაკრძალავენ. გამოსვენება წმინდა მიხეილის ეკლესიიდან შედგება.
ქორეოგრაფი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნუკრი მაღალაშვილი ბოლო წლებში თურქეთის სხვადასხვა თეატრში ბალეტმაისტერად მუშაობდა, წლების განმავლობაში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი, შემდეგ კი ქორეოგრაფი და პედაგოგი.
პარალელურად, მუშაობდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 2007 წელს ნუკრი მაღალაშვილმა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, აღადგინა ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსია“.
ნუკრი მაღალაშვილს 1983 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.