ქობულეთში სკოლისა და საბავშვო ბაღის მიღმა დარჩენილი ბავშვების მშობლები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
ქობულეთში ასამდე ბავშვი სკოლისა და საბავშვო ბაღის მიღმა დარჩა. როგორც ბავშვების მშობლები აცხადებენ, პრობლემა შეექმნათ გარდამავალი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ექვსი წელი 17 სექტემბრის შემდეგ, წლის ბოლომდე უსრულდებათ. მშობლების ინფორმაციით, ასეთი მოზარდების მიღებაზე უარი განაცხადეს ბაღებმა და კანონით მათ არც სკოლაში იღებენ.
სასწავლო დაწესებულებების მიღმა დარჩენილი ბავშვები მშობლებმა დღეს ქობულეთის მერიაში მიიყვანეს და პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.
„ხუთშაბათს გავიგე, რომ ბაღში აღარ მიიღებდნენ და არც მოსამზადებელ ჯგუფში, რომლებიც ქობულეთის სკოლებში რამდენიმე წელია სწორედ გარდამავალი ასაკის ბავშვებისთვის იხსნებოდა. სად წავიყვანო ერთი წელი ბავშვი, პატარა ბაგაში მყავს, რადგან ვმუშაობ და ვიხდი 150 ლარს, მეორე ბავშვის გადასახადის საშუალება არ მაქვს, ასეთი ბევრი ბავშვია“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
მშობლებს ქობულეთის მერიაში ბაღების გაერთიანების უფროსი შეხვდა. ლია ხალვაში ამბობს, რომ გარდამავალი ასაკის ბავშვებისთვის სკოლებთან ჰქონდათ მოლაპარაკება, მათ ჰქონდათ გამოყოფილი ფართები და შექმნილი იყო მოსამზადებელი ჯგუფები. თუმცა ლია ხალვაშის თქმით, წელს სკოლებმა ფართის გამოყოფაზე უარი თქვეს, რის გამოც პრობლემა შეიქმნა.
ბაღების გაერთიანების უფროსი აცხადებს, რომ სკოლების ნაწილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ კვირაში მათ ექნებათ ზუსტი პასუხი. ის იმედოვნებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.
ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ქობულეთში წელს საბავშვო ბაღებს მიღმა ადგილების ნაკლებობის გამო დამატებით სამასამდე აღსაზრდელი დარჩა. იგივე პრობლემაა ბათუმშიც, სადაც ბაღში მოხვედრა 1600-მა მსურველმა ვერ მოახერხა.