ბათუმში 70 წლის ქალს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
იგი ე.წ. ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული და ქალაქ ქობულეთში ცხოვრობს.
წუხელ ბათუმში სულ 180 ანალიზი გამოიკვლიეს, მათგან მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში იყო დადებითი პასუხი.
„180 გამოკვლეულიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. 70 წლის ქალი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. იგი თვითიზოლაციაში იყო და ოჯახის მხოლოდ ერთ წევრთან ჰქონდა კონტაქტი“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.
ინფიცირებული კლინიკა „მედალფაში“ გადაჰყავთ.
ის ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 35-ე კონტაქტია, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა.
შესაბამისად, დღეს დადასტურებული ერთი შემთხვევის შემდეგ, კლინიკა „მედალფაში“ ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია.
„გვყავს 38 ინფიცირებული და ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც ვირუსის შემდგომ გართულებებზე მკურნალობს. ინფიცირებულთაგან ერთი კვლავ რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში და მართვით სუნთქვაზეა. დანარჩენების მდგომარეობა კი უცვლელია – საშუალო და მსუბუქი სიმპტომატიკით ხასიათდება“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.
კლინიკაში კორონავირუსისგან სულ 13 ინფიცირებული განიკურნა.
საქართველოში ამ დროისთვის ლაბორატორიულად კორონავირუსის 431 შემთხვევა არის დადასტურებული.