ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მეპატრონეებმა აქცია გამართეს
ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მეპატრონეებმა აქცია გამართეს

ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მეპატრონეებმა აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რის გამოც მცირე და საშუალო მეწარმეები აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში, კომერციული ბანკებისგან აღებული სეზონური სესხების გადახდას ვერ მოახერხებენ.

აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან დახმარებას, კონკრეტულად კი ვალების რესტრუქტურიზაციას, ან პროცენტების სუბსიდირებას მოითხოვენ.

„სეზონი ჩავარდა, გაუქმდა ბრონები, ზოგს 80 ათასი ლარის ბრონი გაუუქმდა, 20 აგვისტოდან უნდა დავიწყოთ ვალების გადახდა, რითი გადავიხდით, როცა შემოსავალი არ არის, ჩამოდიან ტურისტები, რომლებიც 2-3 დღეს ჩერდებიან, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს დანაპირები და რაღაცით დაგვეხმაროს“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე ქობულეთის მერი მივიდა. მირიან ქათამაძე ამბობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა დაწყებულია.

„ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს, რომ პრობლემა შეუმსუბუქდეთ მეწარმეებს. განიხილება საბანკო სესხების პროცენტების სუბსიდირების საკითხი, მაგრამ ეს რთული პროცესია, საჭიროა კონკრეტული კრიტერიუმების შემუშავება, უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი დაზუსტდება და მოსახლეობა მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პროტესტი უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.