ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად ავტომობილს ხე დაეცა. დაიღუპა ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
აჭარის რეგიონში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შეტყობინებების შესაბამისად რეაგირებას ახდენენ.
ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ ძლიერმა ქარმა ბათუმში, სტადიონის ირგვლივ პარკინგის გამყოფი ჯებირები ააყირავა. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, რის გამოც დაზიანდა მსუბუქი ავტომობილები.