ქობულეთში 40 მილიონი ლარის საინვესტიციო ღირებულების ახალი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა იწყება. საფუძველი ახალ სასტუმროს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჩაუყარა.
„ქობულეთს განსაკუთრებული ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი აქვს და თანმიმდევრულად ვმუშაობთ, რომ მოხდეს ამ პოტენციალის სრული რეალიზება. ახალი, მრავალფუნქციური 240 ნომრიანი სასტუმრო ქობულეთში შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ეს არის მეტი დასაქმება რეგიონში, ეს არის მეტი განვითარება და წინსვლა. ბიზნესს სჭირდება ხელშეწყობა, სჭირდება თავისუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი მოწოდებულია ამ გარანტიების შექმნისთვის, მოწოდებულია ბიზნეს-პროცესების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. მჯერა, ახალი მაღალი კლასის სასტუმრო ქობულეთში იქნება მიმზიდველი ტურისტული დანიშნულება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში განთავსდება გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები. სასტუმროში ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანი, ხოლო ოპერირებისას 70 მოქალაქე დასაქმდება.