ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე ეხება ქობულეთში, გუშინ მომხდარ ფაქტს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.