ქობულეთის სოფლებიდან - გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა, მოქალაქეები სახლიდან გამოსვლას განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთვევაში, როცა ისინი საჭიროებენ პროდუქტის, მედიკამენტის შეძენას ან სამედიცინო მომსახურების მიღებას, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ იმ პროტოკოლს დაიცავენ, რაც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი.
ამასთან, ჩიქოვანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას უზურნველყოფს საოპერაციო შტაბი, ადგილობრივი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალური ურთიერთობების საკითხებში სოზარ სუბარი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.