ქობულეთის ხუთი სოფლის მოსახლეობა თხილის მოსავლის განადგურების გამო, სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს
ქობულეთის ხუთი სოფლის მოსახლეობა თხილის მოსავლის განადგურების გამო, სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თხილის მოსავალი ფაროსანამ გაანადგურა, მავნებელი კი უხარისხო პესტიციდების წყალობით გამრავლდა.
„ძალიან მძიმე დღეში ვართ, მოსავლის 10 პროცენტიც კი არ ვარგა გასაყიდად. რაც ვარგა, ისიც ძალიან იაფი ღირს. შემოსავალი კი არა, დანახარჯებსაც ვერ გავასწორებთ, უნდა დაგვეხმაროს სახელმწიფო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი რა გველოდება”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა, თხილის მასობრივი გაფუჭება განპირობებულია ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიერ, რომელსაც დროული წამლობა სჭირდება.
„თხილის გაფუჭება მთლიანად ფაროსანას ბრალი არ არის, ფაროსანას გამოწვეული ზიანი მხოლოდ 11-12 % ფარგლებში მერყეობს. სახელმწიფოს მხრიდან პრევენციის და მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართულებით არაერთი ღონისძიება განხორციელდა“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ.