ქობულეთის აგრარულ ბაზართან „ლელოს“ აქტივისტებსა და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა
ქობულეთის აგრარული ბაზრის შესასვლელში ერთმანეთს „ლელო საქართველოს“ აქტივისტები და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ცივაძე აცხადებს, რომ ბაზრის ადმინისტრაცია მათ აქტივისტებს სააგიტაციო მასალის დარიგებასა და საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უშლის. მისი განცხადებით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გუშინ „ლელოს“ ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ბაზრის ტერიტორიიდან გააძევეს.
„ლელოს“ წევრები აგრარულ ბაზართან დღეს ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მათ ბაზრის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს.
„ეს არის „ქართული ოცნების“ მორჩილი ადმინისტრაცია, მათ ეშინიათ ჩვენი კანდიდატების, ეშინიათ ფურცლების და არ გვაძლევენ საშუალებას ეს დავანაწილოთ“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ.
ბაზრის მფლობელი კი აცხადებს, რომ კერძო საკუთრების ტერიტორიაზე „ლელოს“ წარმომადგენლებს არ შეუშვებს, რადგან ბაზარი სწორედ პარტიის დამფუძნებლისგან დაზარალდა.
„ეს კერძო საკუთრებაა და საარჩევნო აგიტაციის საშუალებას „ლელოს“ პარტიის წარმომადგენლებს არ მივცემთ, რადგან წლების წინ სწორედ ხაზარაძისგან და „თიბისი ბანკისგან“ დავზარალდით, მე „ქართულ ოცნებას“ ვუჭერ მხარს, თქვენ ხართ ხაზარაძის მონები“, – განაცხადა ბაზრის მფლობელმა, ალექსანდრე რომანაძემ.