ქლერ მუდი - რეზოლუცია მნიშვნელოვანი იქნება და ხაზს გაუსვამს ევროპარლამენტის დამოკიდებულებას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიმართ
რეზოლუცია მნიშვნელოვანი იქნება და ხაზს გაუსვამს ჩვენს თანამშრომლობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და ორგანიზაციის დამოკიდებულებას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიმართ,- ამის შესახებ ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ თანათავმჯდომარემ პირველ არხთან ექსკლუზიურად განაცხადა.
ქლერ მუდის თქმით, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს მტკიცე პოზიცია და ორგანიზაცია ერთიანი უნდა იყოს იმ საკითხთან მიმართებაში, რასაც რუსეთთან ურთიერთობა ჰქვია.
„ვემზადებით რეზოლუციის მისაღებად და დაგეგმვის პროცესში ვართ. რეზოლუცია მნიშვნელოვანი იქნება და ხაზს გაუსმევს ჩვენს თანამშრომლობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და ორგანიზაციის დამოკიდებულებას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიმართ. ეს იქნება ევროპარლამენტარების მიერ სოლიდარობის გამოცხადება, ფაქტების აღიარება და მხარდაჭერა. ევროკავშირს უნდა ჰქონდეს მტკიცე პოზიცია და ორგანიზაცია ერთიანი უნდა იყოს იმ საკითხთან მიმართებაში, რასაც რუსეთთან ურთიერთობა ჰქვია.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს. სანქციები მინსკის შეთანხმების შესრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს. სოლსბერი ჩემი მშობლიური ქალაქია. მთელმა მსოფლიომ იცის რა მოხდა სოლსბერიში. სულ ახლახანს გამოვცადეთ რუსეთთან ურთიერთობა. მომხდარმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ევროკავშირის ერთიანი პოზიციის მნიშვნელობა“,- განაცხადა მუდმა.
ხვალ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების მეექვსე სხდომა იგეგმება.
თანამშრომლობის გაღრმავების გარდა, დღის წესრიგშია უსაფრთხოების, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების და საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის მომზადებული ახალი სამშვიდობო ინიციატივის განხილვა.
პარალელურად, ევროპარლამენტი აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე სპეციალური რეზოლუციის მისაღებად ემზადება. დოკუმენტი ივნისში უნდა დაამტკიცონ.