ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, ქიმიური თავდასხმის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება ექნება
ამიერიდან, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ქიმიური თავდასხმის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება ექნება.
რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ახალი თავდასხმის შემთხვევაში, ორგანიზაციას პასუხისმგებელი ქვეყნების ან დაჯგუფებების დადგენა შეეძლება.
მანდატის გაფართოებას ჰააგაში გამართული სესიის დროს დელეგაციის 82-მა წევრმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა, 24 კი წინააღმდეგი იყო.
დიდი ბრიტანეთის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის თანახმად, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ტექნიკური ექსპერტიზის წარდგენის უფლება ექნება, რომელიც ამა თუ იმ თავდასხმაში პასუხისმგებელ პირებს დაადგენს.
პროექტის მიხედვით, ორგანიზაციას ექსპერტების მოწვევა სტრუქტურის გარედანაც შეეძლება.
დოკუმენტის მოწინააღმდეგეებს შორის რუსეთიც არის. ოფიციალური მოსკოვი მიიჩნევს, რომ მანდატის გაფართოება თავად კონვენციას არღვევს. ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, არსებული ცვლილებებით, ორგანიზაცია „ხელოვნურ კრიზისს“ ქმნის.
აქამდე, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მხოლოდ იმის გარკვევის უფლება ჰქონდა, იყო თუ არა რაიმე კონკრეტულ თავდასხმაში გამოყენებული ქიმიური იარაღი.
ბოლო პერიოდში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას სირიაში მიმდინარე მოვლენებს აქცევს.
სამოქალაქო ომის ფარგლებში, როგორც სამთავრობო ძალების, ისე ამბოხებულების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი არაერთხელ დაფიქსირდა.