„ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია“ აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში ოფიციალურად გაცხადებული ქიმიური იარაღის მარაგი განადგურებულია
„ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია“ აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში ოფიციალურად გაცხადებული ქიმიური იარაღის მარაგი განადგურებულია.
ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც აშშ-ში დაადასტურეს, რომ ქიმიური საბრძოლო მასალის უკანასკნელი მარაგი კენტუკის შტატში მდებარე ქარხანაში განადგურდა.
„ვულოცავთ ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილე ყველა ქვეყანას და ამ შემთხვევაში – აშშ-ს. ეს არის დიდი მიღწევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქიმიური იარაღის სრულად განადგურების გზაზე“, – განაცხადა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ფერნანდო არიას გონსალესმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მა გაანადგურა ოფიციალურად გაცხადებული ქიმიური იარაღის უკანასკნელი მარაგი.
ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენცია 1997 წლის აპრილში შევიდა ძალაში. აშშ-მა და სხვა ხელმომწერმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ ქიმიური იარაღის მარაგებს 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაანადგურებენ. რუსეთი ამტკიცებს, რომ ქიმიური იარაღის მარაგი 2017 წლის 27 სექტემბერს გაანადგურა.