ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების სამოქმედო პროცედურების დოკუმენტის შემუშავების საკითხზე სემინარი გაიმართა
ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების სამოქმედო პროცედურების დოკუმენტის შემუშავების საკითხზე სემინარი გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) ერთად, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტს შეიმუშავებს.

აღნიშნული დოკუმენტის შესამუშავებლად, თბილისში, ხუთდღიანი სემინარი გაიმართა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სემინარის მიმდინარეობისას, ჩატარდა როგორც შესაბამისი სწავლებები, ისე სამუშაო შეხვედრები. ამერიკელ კოლეგებთან ერთად, საუბარი შეეხო ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების კუთხით არსებულ პრაქტიკას, გამოვლინდა ხარვეზები და საჭიროებები, ასევე, დაიწყო მუშაობა სამოქმედო პროცედურების პირველადი პროექტის შესადგენად.

„სტანდარტული სამოქმედო პროცედურების საბოლოო პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში საბოლოო ფორმას მიიღებს, მნიშვნელოვნად განაახლებს სამსახურის მიდგომებს და გააუმჯობესებს ქბრბ ჯგუფის შესაძლებლობებს ტაქტიკურ და ოპერაციულ დონეზე“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სემინარს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.