ეროვნული საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, გია მანჯგალაძე აზერბაიჯანული გუნდის წევრი გახდა – 25 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა აზერბაიჯანის პრემიერლიგის განჯას “ქიაფაზთან” კონტრაქტი გააფორმა და ეს ფაქტი თავად კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
მანჯგალაძე თბილისელია, მაგრამ უკრაინაში 14 წლის წავიდა და ლუგანსკის “ზორიაში” თამაშობდა. საქართველოში 2015 წლის ზაფხულში დაბრუნდა და საჩხერის “ჩიხურაში” ჩაირიცხა, შემდეგ კი ბოლნისის “სიონისა” და “სამტრედიას” ფორმით გამოდიოდა.
ამ ტრანსფერზე ქართულ მედიაში ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, თითქოს, მანჯგალაძემ ნახევარწლიანი ხელშეკრულება გააფორმა – სინამდვილეში, ”ქიაფაზის” ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ”სამტრედიას” ყოფილი ლიდერი განჯას კლუბის ღირსებას 2018 წლის ბოლომდე დაიცავს.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის პირველი წრის შემდეგ “ქიაფაზმა” მხოლოდ 7 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილზე იმყოფება.