ქეთი ხუციშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თითქოს ძალიან მძიმე არჩევნებს მოსწრებია 2003-ში, 2012-ში, პირადად ჩემს მეხსიერებაში ეს, შესაძლოა, ყველაზე ცუდი არჩევნები იყოს
ქეთი ხუციშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თითქოს ძალიან მძიმე არჩევნებს მოსწრებია 2003-ში, 2012-ში, პირადად ჩემს მეხსიერებაში ეს, შესაძლოა, ყველაზე ცუდი არჩევნები იყოს

დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ფაქტობრივად არ აისახა ქართველი ხალხის ნება იმ ტოტალური გაყალბების გამო, რომლის მოწმენიც გახდნენ სადამკვირვებლო კოალიციის წევრები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ეთანხმება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

„ვეთანხმები ქალბატონ პრეზიდენტს. ის არჩევნები, რომელიც ჩვენთან ჩატარდა, იყო ფაქტობრივად „ეფესბესა“ და „ქართული ოცნების“ სპეცოპერაცია ქართული ხალხის წინააღმდეგ. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ფაქტობრივად არ აისახა ქართველი ხალხის ნება იმ ტოტალური გაყალბების გამო, რომლის მოწმენიც გახდნენ ჩვენს შემთხვევაში სადამკვირვებლო კოალიციის წევრები. ეს იყო ძალიან მძიმე არჩევნები, სადაც დამკვირვებლებს ექცეოდნენ არა თუ უხეშად, არამედ ბევრ შემთხვევაში გააგდეს კიდევაც სადამკვირვებლო უბნიდან, არ მისცეს საშუალება, დაკვირვებოდნენ და გამოესწორებინათ ის ხარვეზები, რომლებსაც ხედავდნენ. ეს იყო ბიულეტენების ჩაყრა ძველი სტილით ჩატარებულ არჩევნებში, არასწორად გამოყენება იმ აპარატების ახალ უბნებში. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უპრეცედენტო გაყალბება საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თითქოს ძალიან მძიმე არჩევნებს მოსწრებია 2003-ში, 2012-ში და ა.შ. პირადად ჩემს მეხსიერებაში ეს, შესაძლოა, ყველაზე ცუდი არჩევნები იყოს“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს.