ქეთი ციხელაშვილი - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე კარგად ესმით, რას ნიშნავს ერთმანეთის თანადგომა და ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე კარგად ესმით, რას ნიშნავს ერთმანეთის თანადგომა და ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ახალქალაქში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ძალიან მიხარია თქვენი ნახვა და ყოველთვის მიხარია აქ ყოფნა. მინდა, მოგმართოთ ქართულად და სომხურად. მიხარია ამ გამორჩეულ კუთხეში ყოფნა. სამცხე-ჯავახეთი ასეთია, მდიდარია, მრავალფეროვანია ისტორიით, კულტურით, მაგრამ რაც მთავარია, არის მდიდარი ხალხით, თქვენით, ადამიანებით, მშრომელი, გამრჯე, ენერგიული ადამიანებით და თქვენ აქ ხართ ჩვენს მხარდასაჭერად. დიდი მადლობა ამისთვის. თქვენ ქმნით ასეთ განსაკუთრებულ და თბილ გარემოს ნებისმიერ ამინდში. აქ ხშირად ჩამოვდივარ და ამ კვირაშიც უკვე ორჯერ ჩამოვედით თქვენთან“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, ტოლერანტობის კვირეული დღეს რაბათის ციხეზე კონცერტით დაიხურება.
„დღეს ჩვენს გუნდთან ერთად ყოფნას კიდევ ერთი მიზეზი აქვს, ძალიან დიდი სიმბოლური მიზეზი და გეტყვით ახლა ამის თაობაზე. მთელი მსოფლიო ამ დღეებში აღნიშნავს ტოლერანტობის კვირეულს. ეს ნიშნავს ყოველგვარი ძალადობის პროვოცირების გამორიცხვას და ადამიანების ურთიერთპატივისცემას, თანადგომას. ეს კვირეული კვირის დასაწყისში აქ გავხსენით და დღეს აქ დავხურავთ, რაბათის ციხეზე კონცერტით. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ვიცით, ამ რეგიონში ყველაზე კარგად გესმით, რას ნიშნავს ერთმანეთის თანადგომა და ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა და ჩვენ ამ საქმეში ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. დღევანდელ კონცერტს ჰქვია ერთი ცის ქვეშ. შემთხვევით არ ჰქვია ასე. ჩვენ მართლაც ერთი ცა, ერთი მიწა, ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენი ყველას ქვეყანაა. ჩვენ ვართ ყველა თანასწორი, განურჩევლად ჩვენი ეროვნებისა, რელიგიისა, რადგან ეს ქვეყანა ჩემია, თქვენია, ყველა ჩვენგანის არის და თითოეული ჩვენი წარმატება იქნება ამ ქვეყნის წარმატება. მთავარია, რომ ერთიანი ძალისხმევით ეს ვაქციოთ ერთიან ენერგიად ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ და აუცილებლად უნდა ვიაროთ მომავლისკენ და არავითარ შემთხვევაში წარსულში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბევრი რამის გაკეთება აქვს დაგეგმილი.
„ყველა თაობის თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შემიძლია დღეს აქედან არ გითხრათ, რომ თქვენ ამ რეგიონში გყავთ არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი ახალგაზრდები. ის გოგოები და ბიჭები, რომლებიც სწავლობენ დღეს აქაც, თბილისშიც, სომხურიც მშვენივრად იციან, ქართულიც მშვენივრად იციან, თავისი პროფესია და საქმეც მშვენივრად იციან. ახალი პროგრამით სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში გადიან სტაჟირებას, პირველ ნაბიჯებს დგამენ და არიან ის ადამიანები, ვინც აუცილებლად შეასრულებს ძალიან დიდ როლს ამ რეგიონის და მთელი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ, ჩვენი გუნდით აუცილებლად დავუჭერთ ამას მხარს. და ბოლოს, გეტყვით, რაც თქვენც ძალიან კარგად იცით. ბევრი რამ გაკეთდა აქ ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი კიდევ უფრო ბევრი რამის გაკეთება. ჩვენ ამ სულისკვეთებას მთლიანად ჩვენი გუნდის, ხელისუფლების, ამ მუხტს წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენ გვჭირდება თქვენი თანადგომა და აუცილებლად ის პრინციპული არჩევანი, რაც უნდა გააკეთოთ ძალიან მალე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.