ქეთევან მსხილაძე - როდესაც საჩუქარს იღებ ადამიანისგან, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია, ჩნდება ეჭვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაღაც გავლენების ქვეშაა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ბერა ივანიშვილის მიერ პირველი არხისთვის სატელევიზიო აპარატურის ჩუქების შეთავაზებაზე იმსჯელეს.
ბორდის წევრთა უმრავლესობა სატელევიზიო აპარატურის ჩუქების მომხრეა. საკითხს დღეს ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი.
საჩუქრის მიღების წინააღმდეგია სამეურვეო საბჭოს ორი წევრი – ქეთევან მსხილაძე და სულხან სალაძე. ისინი მიიჩნევენ, რომ საჩუქრის მიღების შემთხვევაში, არხის იმიჯთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდება.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ნებისმიერი გავლენისგან, პოლიტიკური, ეკონომიკური და თუნდაც რელიგიური გავლენისგან თავისუფალი. ეს არის კანონის მოთხოვნა. მე საჩუქრის წინააღმდეგი არ ვარ ზოგადად. როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს და საჩუქარს იღებ ადამიანისგან, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაღაც გავლენების ქვეშაა, ანუ პოლიტიკური და კომერციული გავლენების ქვეშ ექცევა. სწორედ ამიტომ ვარ მე ჩუქების წინააღმდეგი“, – ამბობს ქეთევან მსხილაძე.