დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, რომელიც მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე, ორ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთს მოიცავს.
კახა კალაძის თქმით, გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად იგეგმება და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები „ავლაბრის“ მოედნიდან თელავის ქუჩამდე მონაკვეთზე შესრულდება.
„გადაკეტილია მოძრაობა და მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მთლიანი გამოცვლა, იცვლება წყლის მილები და მთლიანად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, დაზიანებული იყო მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. ერთიანად ყველაფერი მოწესრიგებული იქნება, თავისი გარე განათებებით, ტროტუარებით. ამასთან, განთავსდება მიწისქვეშა ურნები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. გარდა ამისა, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი, გამოიყოფა საავტობუსო ზოლი და მოეწყობა ველობილიკი.