ქეთევან ციხელაშვილმა რიგის კონფერენციაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რიგის 2019 წლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარი წამყვანი ფორუმია, სადაც პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ექსპერტები უსაფრთხოების გლობალურ საკითხებს განიხილავენ და საერთო გამოწვევების შესახებ საუბრობენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სიტყვით გამოვიდა პანელზე – „მომავლის გზის მშენებლობა – საქართველო და უკრაინა“. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის დეტალებზე ისაუბრა.
„რიგაში ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი იმართება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი ევროპაში და ყველაზე დიდი ბალტიისპირეთში, სადაც 700-მდე მონაწილე 40-ზე მეტი ქვეყნიდან იყრის თავს. დღეს ამ ღონისძიებაზე გამოსვლები ჰქონდათ შვედეთის, გერმანიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ევროპაში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე ერთმანეთისთვის ხედვა გაგვეზიარებინა. მქონდა შესაძლებლობა, საქართველოს პრობლემატიკაზე მესაუბრა და ჩვენს გამოწვევებზე, რომელიც ამავდროულად არის ევროპის უსაფრთხოების გამოწვევაც. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოსათვის, რომელიც ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმატებული ასპირანტი ქვეყანაა. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა მისი ძალიან ამბიციური რეფორმების დღის წესრიგიდან გამომდინარე და რაც მთავარია, ყველაზე დიდი გამოწვევის დაძლევაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს – მიმდინარე ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი. შეუძლებელია ამ პირობებში მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ის რაც საქართველოში ხდებოდა 2008 წელს კიდევ უფრო 90-იან წლებში, რაც დღესაც გრძელდება ეს არ არის მხოლოდ საქართველოს და ქართული საზოგადოების პრობლემა, ეს ნამდვილად არის რეგიონული და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების პრობლემა“ – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფორმატებში ამის ძალიან მკაფიო განმარტება.
„ვფიქრობ, ბალტიისპირეთში ძალიან კარგად ესმით, რომ ეს საერთო პრობლემაა და შესაბამისად, მისი დაძლევისთვის საერთო ძალისხმევას საჭიროებს. რა თქმა უნდა, ჩვენს სამშვიდობო გეგმას და ინიციატივებს მხარს უჭერენ. მნიშვნელოვანი არის მსგავსი ფორუმებს გამოყენება იმისთვის, რომ საქართველო იყოს ყურადღების ცენტრში, ჩვენს პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ, რაც მათ ჩვენს მხარდაჭერას გაუადვილებს“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
რიგის კონფერენციას 40 ქვეყნის 700-მდე სახელმწიფოს მეთაური, ექსპერტი, დიპლომატი, მეცნიერი ესწრება. კონფერენცია ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება. კონფერენციის ორგანიზატორი ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციაა (LATO), რომელიც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს.