ქეთევან ციხელაშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან ვიდეოშეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ როზარია პულისის შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიდეოშეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად ექმნება.
„ხაზი გაესვა რუსეთის მხრიდან კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის იმ ახალ ეპიზოდებს, რომელიც უკვე კვირების განმავლობაში მიდის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.
„დღეს მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ქალბატონ როზარია პულისთან. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ძალიან წარმატებულ თანამშრომლობაზე უკვე წლების განმავლობაში. ასევე დეტალურად მიმოვიხილეთ ყველა ის საქმიანობა, რომელიც განახორციელა მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების დასახმარებლად „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პერიოდში. ჩვენი პარტნიორებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბორდერიზაციის ის ეპიზოდები, რომლებიც სწორედ ამ მძიმე გლობალური კრიზისისა და პანდემიის ფონზე გრძელდება და ხორციელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, რაც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ამავდროულად ყოველგვარი ჰუმანურობისა და ჰუმანიტარული პრინციპების ძალიან მძიმე დარღვევა, რაც იწვევს პირდაპირ ადამიანების ტანჯვას, დამატებით იმასთან ერთად, რასაც იწვევს თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის იზოლაცია, ახლა უკვე აფხაზეთის რეგიონის მიმართულებითაც შეზღუდული გადაადგილება. ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის იმ ახალ ეპიზოდზე, რომელიც უკვე კვირების განმავლობაში მიდის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, სწორედ მაშინ, როდესაც ეს ლაბორატორია არის და იყო ინსტრუმენტული იმისთვის, რომ საქართველო ეფექტურად გამკლავებოდა ამ ეტაპისთვის „კოვიდ-19“-თან ბრძოლას. შემაშფოთებელია ის, რაც ისმის ცხინვალის ე.წ. სამსახურებიდან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ნატო-დან ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ყველა ამ პროცესს. მათი პოზიცია ყველასთვის კარგად ცნობილია. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საქართველოს ხალხს როგორც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, ისე ოკუპაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.