შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.
ქეთევან ციხელაშვილი დღეს ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელ მარინა კუიუნძიჩს და ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, ელჩ სოფი ფრომ-ემესბერგთს შეხვდა.
„მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები როგორც ევროპარლამენტში, ისე საგარეო საქმეთა განყოფილებაში. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი. განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ახალგორის მიმართულებით გადასასვლელი დაკეტვის გამო. ასევე, ვისაუბრე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნის თაობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ამ ძალიან სასწრაფო პრობლემების მოსაგვარებლად ევროკავშირის მხარდაჭერა აუცილებელია. პრობლემების, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, ისევე როგორც საქართველოსთან ორმხრივ და სექტორულ თანამშრომლობაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება პრიორიტეტული ამოცანა იყოს. ეს გულისხმობს როგორც უფრო მოკლევადიან ამოცანებს – ადამიანის უფლებების დარღვევაზე ეფექტურ პასუხს, ჰუმანიტარული გამოწვევების დაძლევისათვის ყველა არსებული მექანიზმის ეფექტურად გამოყენებას, ჟენევის დისკუსიებიდან დაწყებული, ევროკავშირის სხვადასხვა პროექტით დასრულებული, ასევე გრძელვადიანად კონფლიქტის ტრანსფორმაციისკენ მოძრაობას. საქართველო ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველო რჩება ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსის ერთგული და რეფორმების თვალსაზრისით სამეზობლოში წამყვანი ქვეყანა. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.