შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს რუსლან აბაშიძე დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
რუსლან აბაშიძე 1996 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2013-2014 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი – 2009-2013 წლებში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებში იგი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ა.შ. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1997-1998 წლებში სწავლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.