ქეთევან ციხელაშვილი - ყველა დედისთვის, იქნება აფხაზი, ქართველი თუ ოსი, ერთნაირად მნიშვნელოვანია შვილების მშვიდობიანი მომავალი და ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელით მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, სადაც ქეთევან ციხელაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემოლერს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და კონფლიქტით დაზარალებულ, გამყოფი ხაზის პირა სოფლებში მცხოვრებ ქალბატონებს უმასპინძლა.
„ყველა დედისთვის, იქნება აფხაზი, ქართველი თუ ოსი, ერთნაირად მნიშვნელოვანია შვილების მშვიდობიანი მომავალი და ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ როუზ გოტემოლერის სტუმრობით საქართველოს და მისი ხალხის მიმართ ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა.
„მჯერა, რაც მეტი ქალი იქნება ჩართული სამშვიდობო პროცესში, მით მეტი მშვიდობა იქნება მთლიანად მსოფლიოში, სადაც საუბედუროდ ბევრი კონფლიქტი და ნგრევაა დღესაც. ქალები ხშირად ომის და კონფლიქტის ყველაზე მოწყვლადი მსხვერპლი არიან, მაგრამ იგივე ქალები ხშირად მშვიდობის ყველაზე აქტიურ და გამბედავ აქტორებად გვევლინებიან. თითოეულ თქვენგანს ვუდასტურებ პატივისცემას და ასევე მათ, ვინც დღეს ამ დარბაზში არ იმყოფება, მაგრამ აქტიური მშვიდობისმყოფელია.
აქ არიან სახალხო დიპლომატიაში ჩართული ქალები, რომლებიც წლებია, თავდადებით, უხმაურო მუშაობენ და იბრძვიან იმისთვის, რომ ჩატეხილი ხიდები და ნდობა აღდგეს და აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა და ტკივილი. აქ არიან ქალბატონები, რომლებიც ცხოვრობენ მავთულხლართების პირისპირ და ყოველდღე, ამ უმძიმეს რეალობაში, სხვებს აჩვენებენ შეუპოვრობის, მონდომებისა და სიკეთის მაგალითს, თავადაც ეხმარებიან სხვებს.
აქ არიან დღეს აქტიური და მამაცი ქალბატონები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომელთა ვინაობაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მათ შორის მედიკოსები, მეწარმეები განსაკუთრებით მასწავლებლები, ჩვენი დროის გამორჩეული გმირები, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად ზრუნავენ მომავალი თაობის გადარჩენაზე, და ახერხებენ ფაქტობრივად განათლების უფლება აყრილ ქართველ ბავშვებს კარგი განათლება მისცენ. მადლობა მათ ამ გმირებისთვის“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.