ქეთევან ციხელაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად სოფელ ოძისში იმყოფებოდა [ფოტო]
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ ვადიმ ჩერნიშთან და რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას ვიცე- პრემიერ კრისტინა ლესნიკთან ერთად, დღეს სოფელ ოძისში იმყოფებოდა.
სტუმრებმა ადგილზე არსებული ვითარება დაათვალიერეს და ინფორმაცია მიიღეს.
„ახალგორისა და ოძისის შუაში ვიმყოფებით სტუმრებთან ერთად. ჩვენთან ერთად არიან მინისტრები მოლდოვიდან და უკრაინიდან. ისინი საკუთარი თვალით ხედავენ ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ბაზას იმ 19 ბაზიდან, რომელიც განთავსებულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სრულიად უკანონოდ და, რომელიც წარმოდგენს ამ ოკუპაციის რეალურ სახეს. ვხედავთ, რომ სოფელთან დამაკავშირებელი გზა არის ჩახერგილი, ისევე, როგორც მთლიანად 90 კილომეტრიანი პერიმეტრი, რომელიც დასახლებულია, სადაც არის სოფლები და გაყოფილია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი ბარიკადებით და ამ რეჟიმით ცხინვალის რეგიონი სრულ იზოლაციაში ექცევა.
„ჩვენ ვსაუბრობთ მყარ ფაქტებზე, რაც უკავშირდება არალეგალურ დაკავებებს, სტატისტიკას, რომელსაც არც თავად უფრთხიან, გამოაქვეყნონ და გაცილებით კარგად მეტყველებს იმაზე, რომ გაცილებით მეტ ადამიანს აკავებენ ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობისას, ვიდრე პირიქით. დიდია საჭიროება, რომ გადაადგილდნენ, ჰქონდეთ ოჯახებთან ურთიერთობა და შეიძინონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთები. როდესაც მაია ოთინაშვილი დააკავეს, მაშინ ე.წ. ბრალი ერთ-ერთი რაც წარუდგინეს, ის იყო, რომ თითქოს, ეხმარებოდა ცხინვალიდან ადამიანებს გადაადგილებაში. ეს ყველაფერი თავისთავად არის ძალიან აბსურდული და ძალიან არამდგრადი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ უნდა დაიძლიოს გამოწვევები.
„ჩვენ ვსაუბრობთ ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს გამოწვევები. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობის დახმარების. ეს სოფელიც შედის ამ პროგრამაში. აღნიშნული დახმარება მომავალში მხოლოდ გაძლიერდება. თქვენ იცით, რომ გვაქვს ახალი ინიციატივები, რომლითაც გვსურს, გავახშიროთ კონტაქტები ამ ხელოვნური ბარიკადებს გასწვრივ. საქართველოს სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს ამ მოსახლეობაზე ზრუნვას. ეს არის ჩვენი მოსახლეობა და მათ მიმართ გვაქვს პოზიტიური ვალდებულება. ძალიან მძიმეა, როდესაც უყურებ ამ მშვენიერ ხეობაში მახინჯ სამხედრო ბაზებს, რომელიც არავის სჭირდება ადგილზე და არავის ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ მიზანმიმართული ქმედებებით, პარტნიორებთან ერთად, არსებული სიტუაცია შეიცვლება.
„შეუძლებელია, ეს ტერიტორია, საქართველოს შუაგული ასეთი ხელოვნური ბარიკადებით დაყოფილი იყოს გრძელვადიანად და მით უფრო, მუდმივად“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
დღეს ქეთევან ციხელაშვილმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, ვადიმ ჩერნიშმა და რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, კრისტინა ლესნიკმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.