ქეთევან ციხელაშვილი - სოფელ გუგუტიანთკართან ამ დროისთვის ოკუპანტების მხრიდან დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან ამ დროისთვის რუსი ოკუპანტების მხრიდან დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაფიქსირდა, რასაც ქართული მხარის მიერ მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ოფიციალურმა თბილისმა ცხელი ხაზი რამდენიმეჯერ აამოქმედა და საგარეო უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში ჩააყენა.
„ამ ეტაპზე, არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. თუმცა ეპიზოდს, რომელიც ბორდერიზაციას და რაღაც ბარიკადების მშენებლობას უკავშირდებოდა, 7 აგვისტოს ჰქონდა ადგილი. საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა მყისიერად, 7 აგვისტოს შუადღეს ცხელი ხაზი რამდენიმეჯერ გააქტიურეს. იყო საგარეო უწყების კომუნიკაცია 7 აგვისტოსვე ჩვენს პარტნიორებთან და იმასაც მიხვდებით, რომ შემთხვევით არ მოხვდებოდა თუნდაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში უშუალოდ გუგუტიანთკარის ეპიზოდი. ამას გარკვეული მუშაობა უძღოდა წინ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი ყველას მოუწოდებს, ამ საკითხებზე სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.
„კითხვა, ვინმე მალავს თემას თუ გვერდს უვლის, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. გულწრფელად გირჩევდით, ასეთი საკითხებით სპეკულაციას იქნებ, თავი დავანებოთ და შევწყვიტოთ, რადგან არის რეალური გამოწვევა და გამოწვევაზე იყო და არის მყისიერი პასუხი“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა.