ქეთევან ციხელაშვილი - სოფელ აძვის ორი მკვიდრის დაკავება მორიგი უკანონო ქმედებაა
ოკუპანტების მიერ სოფელ აძვის ორი მკვიდრის დაკავებას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი უკანონო დაკავების მორიგ ფაქტს უწოდებს.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავების უშუალო გარემოებების დასადგენად მუშაობს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადამიანები დაკავებულ იქნენ საკუთარ სოფელში, საკუთარ კარ-მიდამოში, სალოცავთან ახლოს. ჩვენთვის ცნობილია ეს ინფორმაცია, ამიტომ ეს არის უკანონო დაკავება, მორიგი ფაქტი, მსგავსი იმისა, რომელიც სამწუხაროდ, არაერთხელ განხორციელებულა 2008 წლის შემდეგ, პირველ რიგში, ადგილობრივების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ კარ-მიდამოში იმყოფებიან, საკუთარ სოფელში გადაადგილდებიან, სალოცავში მიდიან და სხვადასხვა სასიცოცხლო საჭიროებისთვის მოძრაობენ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისი თქმით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მათი რაც შეიძლება სწრაფად გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.
„ეს არის უკანონო დაკავება ცალსახად. ისინი იმყოფებიან ცხინვალის იზოლატორში. მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ფუნქციონირებს. მიმდინარეობს მუშაობა, რომ რაც შეიძლება მალე და უსაფრთხოდ იქნენ გათავისუფლებული. მსგავსი ინციდენტების დროს, სწორედ ამ მექანიზმებით ვმუშაობთ მათ გათავისუფლებაზე“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისი შეფასებით, გუშინდელი ფაქტი მორიგი უკანონო ქმედებაა, რომლის წინააღმდეგაც არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მთელი ძალისხმევა არის მიმართული.
„ბუნებრივია, ამის თაობაზე შემდგომ შეხვედრებზე იქნება საუბარი, მათ შორის მოდის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი, ასევე, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა. აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი საშუალებებით, რომ ადამიანის უფლებები აღარ ირღვეოდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი გუშინ დააკავეს.