ქეთევან ციხელაშვილი - საუბედუროდ, ადამიანის უფლებებს საქართველოში რუსული ოკუპაციით განსაზღვრული გეოგრაფია აქვს
მავთულხლართებს მიღმა ადამიანის უფლებები და ღირსება ფასეულობებს არ წარმოადგენს, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ღონისძიებაზე, სახელმწიფო მინისტრთან ერთად, დამსწრე აუდიტორიას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, პიტერ ვიბლერმა და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ევროსაბჭო ტრადიციული პარტნიორები არიან როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ისე სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით.
„დღეს იმ მთავარ გამოწვევებზე ვისაუბრე, რომლებიც ქვეყანას გააჩნია. საუბედუროდ, ადამიანის უფლებებს საქართველოში რუსული ოკუპაციით განსაზღვრული გეოგრაფია აქვს. მავთულხლართებს მიღმა ადამიანის უფლებები და ღირსება ფასეულობებს არ წარმოადგენს და სამწუხაროდ, ბერკეტებიც არ არის, რომლითაც ჩვენ მათ პირდაპირ დაცვას უზრუნველვყოფდით. თუმცა, სწორედ დღეს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, საქართველოს დელეგაცია და ჩვენი პარტნიორები იმ საკითხებს აყენებდნენ, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უშუალო დაცვას ეხება. ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ თვეზე მეტია, უკანონო პატიმრობაში რჩება და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც დღეს ჩვენ და მთელი მსოფლიო პასუხობს. მოგეხსენებათ, აბსოლუტურად ყველა აქტორია ამაში ჩართული.
ახალგორის მიმართულებით გადასასვლელის გადაკეტვის გამო ათასობით ადამიანი, ფაქტობრივად, ჰუმანიტარულ კრიზისშია. ეს არის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. ასევე, გალის მოსახლეობა, რომელიც ეთნიკურ დისკრიმინაციას განიცდის და საერთოდ, მთლიანად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა იზოლაციისა და მილიტარიზაციის მძევალია. არც მათ უფლებებს, არც მათ ინტერესებს და არც მათ სამომავლო პერსპექტივებს არ პასუხობს ის მდგომარეობა, რომელიც დღესაა შექმნილი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
აქვე მან სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით გამოცხადებული ფოტოკონკურსისა და მედიაკონკურსის გამარჯვებულებიც დააჯილდოვა და მათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ღონისძიების მხარდამჭერია გაერო-ს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.