ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს პრემიერი გაერო-ს ტრიბუნიდან რუსულ ოკუპაციასა და უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაერო-ს ტრიბუნიდან იმ საკითხებზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის განგრძობით რუსული ოკუპაციაზე.
როგორც ჟურნალისტებს ციხელაშვილმა განუცხადა, გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგი 300 000 დევნილია, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან.
„ათასობით ადამიანია, რომელიც მავთულხლართების იზოლაციაშია და ადგილზე უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაში იმყოფება. ეს საკითხები გაერო-ს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ იქნება გაჟღერებული, რათა პარტნიორების ძალისხმევის მობილიზება, მშვიდობიანი გამოსავლის მოძებნა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება მოხდეს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით დღეს გამოვა.