ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არჩევანის გაკეთება
საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არჩევანის გაკეთება, – ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტის ბოლო დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კარნეგის ცენტრში გამართული საჯარო მოხსენების დროს განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილმა კარნეგის ცენტრში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
საჯარო გამოსვლისას მინისტრმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მუქარის ტონი საკმაოდ ხშირად ისმის.
„გაკვირვებული არ ვარ. მსგავსი განცხადებები რუსეთის მხრიდან ხშირია. ამ შეხვედრის დროს, რასაკვირველია, რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა, გაეფრთხილებინა საქართველო მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ. ღიად აცხადებენ, რომ ეს საფრთხეა რუსეთისთვის. გვემუქრებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიცით, რომ ეს მხოლოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საერთოდ არ ეხება. მთელი ბრძოლა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რუსეთის სატელიტად გადაქცევისთვის მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის და ჩვენი მიზნებისთვის მიუღებელია. ეს არჩევანი ხელისუფლებამ მოსახლეობასთან ერთად გააკეთა. საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არჩევანის გაკეთება. ერთადერთი, რაც ჩვენ გვინდა, უსაფრთხოებაა, რომელიც ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის აუცილებელია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრს სამუშაო სადილი ჰქონდა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. მათ შორის იყო „ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცენტრის“ უფროსი მკლევარი სვანტე კორნელი.
ექსპერტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომლებთან გამკლავებაც მათ ყოველდღიურად უწევთ. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, რომლის მიმართაც ექსპერტებმა დიდი მხარდაჭერა გამოხატეს და დაინტერესდნენ, რა სახის წვლილის შეტანა შეუძლიათ მის განხორციელებაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მინისტრის რამდენიმედღიანი ვიზიტი დასრულდა.