ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან 80-მდე პირი იმყოფება, მათ შორის ერთი კოვიდინფიცირებული
კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და ვეხმარებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩვენს თანამოქალაქეებს მათთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ დროისთვის საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან იმყოფება 80-მდე პირი, მათ შორის ერთი კოვიდინფიცირებული.
ამასთან, ციხელაშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა წყაროთი ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებულია კორონავირუსის ორი შემთხვევა, ინფიცირებულები ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან.
„ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე ადამიანი კარანტინშია. დეფაქტო ხელისუფლების მიერ გაგრაში გამოცხადებულია კომენდანტის საათი. ბუნებრივია, ვერ გვექნება 100 პროცენტიანი გარანტია, რომ ეს არის ზუსტი მონაცემები, რადგან არ ხდება მათი ვერიფიკაცია ოკუპაციის მდგომარეობის გამო იგივე საქართველოს ეროვნული დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ. თუმცა ამ მონაცემებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრთხის დონე აწეულია ერთი საფეხურით, რამდენადაც ჩვენი ინფორმაციით ამ კონკრეტული პირების ბევრი კონტაქტია და აუცილებელია ამ კონტაქტების დროული კვლევა, დროული იზოლირება მოხდეს და შემდგომი გავრცელება შეკავდეს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, რუხის კლინიკა ფაქტობრივად უკვე მზადაა, როგორც საკარანტინო სივრცე, შემდეგ კი, ის იქნება კოვიდპაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში.
„დღეის მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან იმყოფება 80-მდე პირი, მათ შორისაა ერთი კოვიდინფიცირებული და მასთან კონტაქტში მყოფები, რომლებიც საკარანტინო ზონაში არიან; ასევე სხვები, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირები, რომელთა ტრანსპორტირებაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომელთაც სჭირდებათ და აქვთ სურვილი, ჰქონდეთ წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩვენ არამხოლოდ მზად ვართ, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული და ვეხმარებით ჩვენ მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით. რუხის კლინიკა ფაქტობრივად მზადყოფნაშია პირველ ეტაპზე, როგორც საკარანტინო სივრცე. ამ კვირის ბოლოდან და რამდენიმე დღეში უკვე, როგორც კოვიდპაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში“, – განაცხადა ციხელაშვილმა.