ქეთევან ციხელაშვილი - საქართველო თავისი განვითარების კურსითა და რეფორმებით არავის წინააღმდეგ არ იბრძვის
საქართველო თავისი განვითარების კურსითა და რეფორმებით არავის წინააღმდეგ არ იბრძვის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები რუსეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან ხშირად ისმის.
„სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის, თუმცა კიდევ ერთხელ პასუხად მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას. საქართველო თავისი განვითარების კურსით, რეფორმებით არ იბრძვის არავის წინააღმდეგ. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების კურსი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ქვეყანამ თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში განავითაროს ეკონომიკა, ხალხი ჰყავდეს დაცული. ეს არის უსაფრთხოების და კეთილდღეობის წინაპირობა, რომელიც არ არის მიმართული არც რუსეთის და არც რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.