ქეთევან ციხელაშვილი - საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, წესდების შესაბამისად იმოქმედებს
ქეთევან ციხელაშვილი - საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, წესდების შესაბამისად იმოქმედებს

საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, წესდების შესაბამისად იმოქმედებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ დასმულ კითხვაზე.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე უკვე გააკეთა განმარტება. საქართველოს ახლა აქვს უნიკალური პოზიცია, არის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენი გაწევრიანებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, შანსიც არის ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს და ჩვენი ქვეყანა, როგორც მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, იმოქმედებს წესდების შესაბამისად, ამიტომ ამასთან დაკავშირებით, უკვე სამდივნოს მხრიდან გაკეთდება შესაბამისი განცხადებები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკრეტულად არ პასუხობენ კითხვას, იგეგმება თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საქართველოში ჩამოსვლა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში. „საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას მაისში. მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება“,- განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.