ქეთევან ციხელაშვილი - საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და ბუნების კანონით ვერ წაართმევენ ადამიანებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას
რაც არ უნდა მოხდეს, ვისი სურვილიც არ უნდა იყოს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და ბუნების კანონით ვერ წაართმევენ ადამიანებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ქართულმა დელეგაციამ გამოიყენა, რათა დღის წესრიგში ყველა მწვავე აქტუალური საკითხი დასმულიყო.
„ჩვენ ყოველთვის გვაქვს მიდგომა, რომ გამოსავალი იყოს მოძიებული და არც ეს რაუნდი იყო გამონაკლისი. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების აღდგენის აუცილებლობას. მექანიზმების აღდგენას იმ ფორმატით და იმ დანიშნულებით, რომლითაც შეიქმნა. ცხადია, ვერ და არ იქნება განხილული ფორმატის ცვლილება. ეს შეხვედრები არა საქართველოს, მაგრამ სხვა ჩართული მონაწილეების მიერ იბლოკება“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ფორმატის შენარჩუნება, რათა ინციდენტების პრევენცია ან მათზე რეაგირება მოხდეს.
„ჩვენ ყველას მოვუწოდეთ, რომ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა. ე.წ. ბორდერიზაციის გაგრძელების მცდელობა სოფელ ატოცში, ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტები, უმძიმესი შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება ყველაზე დიდ ტრაგედიებს – ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, ბაშარულის მკვლელობის სახით. აუცილებელია აღსრულდეს სამართალი და ვერანაირი შეწყალება ვერ ექნება კრიმინალურ ქმედებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ამ ადამიანების მიმართ. ჟენევას აქვს თავისი დღის წესრიგი, რაც უკავშირდება მაგალითად ძალის არგამოყენებას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას, დევნილების დაბრუნების აუცილებლობას, რაზეც ძალიან არაკონსტრუქციულ პოზიციას იჩენენ როგორც რუსი, ისე აფხაზი და ოსი მონაწილეები. ამჯერადაც ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგითობით ვერ მოხერხდა, რადგან მონაწილეებმა დარბაზი დატოვეს. რაც არ უნდა მოხდეს, ვისი სურვილიც არ უნდა იყოს ეს, ისინი საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და ბუნების კანონით ვერ წაართმევენ ადამიანებს საკუთარ სახლში დაბრუნების უფლებას“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მანამდე დააყენებენ დღის წესრიგში ადამიანების საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების საკითხს, ვიდრე ეს უფლება არ იქნება აღდგენილი.
ჟენევაში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ თემაზე დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან მოლაპარაკებები დატოვეს.