ქეთევან ციხელაშვილი - ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების ამოღება პირდაპირ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციის მიერ აფთიაქებისთვის ქართულწარწერიანი მედიკამენტების ჩამოართმევის ფაქტთან დაკავშირებით მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნული ნაბიჯი პირდაპირ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ.
„სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს არ არის ახალი, მაგრამ აქვს საუბედურო და ახალი გამოვლინებები, რომელსაც კონკრეტულ ადამიანებზე და არა ერთეულებზე, არამედ ასობით და ათასობით ადამიანზე აქვს გავლენა. მედიკამენტების ამოღება რამდენიმე დღის დაიწყო და გრძელდება. ქართულწარწერიანი მედიკამენტების ამოღება პირდაპირ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და აქ არა მხოლოდ ქართველები, არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება, რადგან წამლებს იყენებს ყველა.
საუბედუროდ, დაავადებისგან არავინ არის დაცული და ეს წამლები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. იმის გამო, რომ მედიკამენტებს აქვს ქართული წარწერა, ხდება მათი ამოღება, ფაქტობრივად, ამ ადამიანების სასიცოცხლო ინეტერესებისა და საჭიროებების უგულებელყოფა, მათი გაწირვა. ეს წამლები იქ ხვდება იმიტომ, რომ საჭიროა. წარმოიდგინეთ, რა პირობებში ხვდება, როდესაც ფაქტობრივად გადაადგილება არის სრულიად შეზღუდული და ჩაკეტილი. ეს იმას მიუთითებს, რომ არის ძალიან მაღალი საჭიროება, შედიოდეს მედიკამენტები, სხვადასხვა პროდუქტები. რეგიონი არის იზოლაციაში, პროდუქტების, მედიკამენტების დეფიციტში და ამის თავზე რომ კიდევ რეპრესიული ზომები ტარდება, ეს არის ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირებისა და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან იმ ფონზე, როდესაც რეალურად ეს კონტაქტები იზრდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა, რომ არ იყოს დღეს ხელოვნურად ჩახერგილი გადაადგილების შესაძლებლობა“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასთან, ციხელაშვილმა ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვის გამო შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეც ისაუბრა.
„ახალგორში ისევე, როგორც გალის რაიონში, სამწუხაროდ, არაერთხელ მომხდარა მასწავლებლების ეთნიკური ნიშნით გათავისუფლება, სხვადასხვა საბაბით. ამ შემთხვევაში ვიცით შემთხვევა ორი ქალბატონისა, საბაბი არ არის არსებითი, ნამდვილად ვერ იქნება. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან შემაშფოთებელია ქართულ ენაზე სწავლების სრული აკრძალვა, რაც წლიდან წლამდე კიდევ უფრო მაღალ კლასებში ვრცელდება. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ეს არის ჩვენი საუბრის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მწვავე საკითხი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მცდელობის, რომ შეჩერდეს ეს პროცესი, იქ მცხოვრებ მოსახლეობას მათ მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ. ეს არა მხოლოდ მათი უფლება და სურვილია, არამედ არის ერთადერთი ენა, რომლებზეც საუბრობენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. ანუ განათლების მიღების ერთადერთი საშუალება.
მე ამ დღეებში, აქ მყოფ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან უკვე მქონდა საუბარი. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ქალბატონების ეს ორი შემთხვევა, ისევე როგორც მთლიანად შექმნილი ძალიან მძიმე ჰუმანიტარული პირობები, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, თანაც ზამთარში. მოგეხსენებათ, რომ საერთოდ მიმოსვლა და გადაადგილებაც კი შეზღუდულია როკის გვირაბზე, სადაც საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთია, რომელსაც დღეს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და არა მხოლოდ ბუნებრივი პირობების გამო, ძალიან ხშირად და დღეის ჩათვლით, ხელოვნური შეზღუდვების პირობებშიც, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწესებს ხოლმე. აქ არის ერთი მესიჯი, აუცილებლად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი გადაადგილების შესაძლებლობა ამ შემთხევვაში ახალგორის მიმართულებით და საერთოდ გამყოფი ხაზების სხვა მონაკვეთებზეც, რადგან იქმნება ჰუმანიტარული კრიზისი, მედიკამენტების და პროდუქტების დეფიციტი. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა სრულიად დაუშვებელია. მოვუწოდებ ყველას, ვისაც დღეს ხელეწიფება ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაუყოვნებლივ, ახლა მაინც, ასეთ კრიზისულ ვითარებაში იქნას აღდგენილი მიმოსვლა, მიეცეს ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა, შეწყდეს ყველა ის რეპრესიული ზომა, რომელიც მით უფრო ასეთ სახეს იღებს“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.