ქეთევან ციხელაშვილი - პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მცხოვრებთა კეთილდღეობასა და მშვიდობაზეა გათვლილი
პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ მთავარი ამოცანა ოკუპაციის პირობებში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ვითარების შემსუბუქებაა, – ამის შესახებ პირველ არხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, ხელოვნურად დაყოფილი მოსახლეობის დაახლოებასა და კავშირს ხელი შეუწყოს.
„პირველ რიგში, ამ პროგრამის ამოცანაა, განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ჩამოყალიბებული ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ვითარება შევამსუბუქოთ. მეორე – ხელი შევუწყოთ საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობას, ანუ ხელოვნური გამყოფი ხაზების გასწვრივ, რომელიც სწორედ იმიტომ ჩნდება, რომ ხალხთა შორის კონტაქტსა და შერიგებას შეუშალოს ხელი. სწორედ ამიტომ ვდგამთ მეტ ნაბიჯს, რომ მიუხედავად ამ ბარიკადებისა, ხიდები ავაგოთ. ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ მოხდეს ნდობის აღდგენა, ხელოვნურად დაშორებული მოსახლეობის ერთმანეთთან შეკავშირება, რაც სამშვიდობო პროცესისთვის აუცილებელია“, – განაცხადა პირველ არხთან საუბარში ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრი განმარტავს, ვისთვის არის პროგრამა ხელმისაწვდომი და ვის შეუძლია მისით სარგებლობა.
„ეს პროგრამა ხელმისაწვდომია, რა თქმა უნდა, გალისა და ახალგორის მოსახლეობისთვის. მაქვს მოლოდინი, რომ სწორედ ეს მოსახლეობა გააქტიურდება ყველაზე მეტად, თუმცა ასევე ღია არის ჩვენი დანარჩენი მოსახლეობისათვის, მთლიანად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელს მიღწეულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ასევე რიგი მიზეზის გამო არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ახალი შესაძლებლობებით, ახალი სამშვიდობო ინიციატივით, სისტემაში მათი სტატუსნეიტრალური იდენტიფიცირება არის შესაძლებელი, რაც არ მოითხოვს მოქალაქეობის მიღებას ან რამე ტიპის პოლიტიკური ნაბიჯს“, – განმარტა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი შეფასებით, „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ მოქნილი პროგრამაა, რომელიც არაპოლიტიკურია და მხოლოდ მოსახლეობის კეთილდღეობასა და მშვიდობაზეა გათვლილი.
რაც შეეხება პროგრამის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკებს, სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ მთავარი რისკი რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოსახლეობის დაყოფის სტრატეგიაა, რომლებიც წლებია მოქმედებაშია.
„საუბედუროდ, რისკები უკვე 10 წელია, მოქმედებაშია. ახალ რისკებზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან მუდმივად, წლიდან წლამდე არის მცდელობა, კიდევ უფრო გათიშონ მოსახლეობა, მაშინ, როცა კონტაქტები იზრდება. მთავარი რისკი არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დაყოფის სტრატეგია, რომელსაც ისედაც ახორციელებს. ამიტომაც ვდგამთ ორმაგ და გადავდგამთ სამმაგ ნაბიჯებს დაშორიშორების სტრატეგიის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით პარტნიორებთან ერთადაც ვმუშაობთ, რადგან საქართველო ამხელა გამოწვევის წინაშე მარტო არ არის“, – განუცხადა პირველ არხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროგრამის განხორციელებას საერთაშორისო ორგანიზაციები გაუწევენ მონიტორინგს.
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის – „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელებას იწყებს. პროგრამა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში განხორციელდება.