ქეთევან ციხელაშვილი - პრემიერის ინიციატივით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის
პრემიერის ინიციატივით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა რუხში განაცხადა, სადაც სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.
„საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია, ამაში დონორებიც გვერდით დაგვიდგებიან, ახლა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებენ იმისთვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და საჭიროებისას აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხვევაშიც, ჩაატაროს დიაგნოსტიკაც და ინფიცირებულთა მკურნალობაც. ეს არის შეთავაზება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და გარწმუნებთ, რომ რუხში არის ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული და მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების თხოვნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების მიმართ არის ის, რომ მოსახლეობამ დაიცვას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული, ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მათი ოჯახებისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენ მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ფაქტობრივად ყოველდღიურად. არის გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ უშუალოდ დიაგნოსტიკის შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთში, არის ძალიან მწირი. ამიტომ, რეალურად რა სურათია, ამის შეფასება ძალიან რთულია. საკმაოდ მაღალი რისკია გამომდინარე იქიდან, რომ ფსოუდან, საქართველო-რუსეთის მონაკვეთიდან, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ, ძალიან დიდი ნაკადი შემოდიოდა ბოლო დღეების განმავლობაში. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის, ე.წ. არჩევნების თუ წინა კამპანიის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ თავყრილობებს, გაუკონტროლებელ შემოდინებებს ადამიანებისა და ეს რისკის ფაქტორებს ზრდის. პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ, განვახორციელოთ ყველა ღონისძიება, რათა დავეხმაროთ მოსახლეობას, პრევენცია მოხდეს გავრცელების. რუხის მრავალპროფილური კლინიკა აბსოლუტურად უნიკალური სამედიცინო ინფრასტრუქტურაა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს და აქვს ძალიან ფართო შესაძლებლობები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.